Wednesday, July 23, 2008



აჰა, დიდლაშარო


ცაცხვები ჰყვავიან გაგიჟებით,
გზები წაღებული არაგვითა,
წყალდაწყალ ფეხშიშველი მოვუყვები,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს...
ვეკრძალვი ლანდებს დიდ ხევისბერთა,
შეძრული მათი ხმის გაგონებით,
მოვყვები ხატისმთის ციცაბოს და
მომაქვს საწირავად ქვაბროლები...
ავალ და საჯარეს დაგიჩოქებ,
ლექსს გარდა სხვაც ბევრი ვალი მადევს,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს,
თუ მიცნობ და მადლს თუ დამიმატებ...
უღრუბლოა შენი საბრძანისი,
დიდ მთათაც ნისლები გადიყარეს,
შენს ლაშქარს კაიყმა შემოვმატე,
აჰა, დიდლაშარო, ჩაიბარე!..

1 comment:

Mimos said...

***
"ურაკად" - ნიკი ნავარდობს,
ბუკიოტით და აჩითა.
ლეო ნაფტა კი - ლიტ.გე-ზედ,
გინებით სმენა წაგვიხდა.

ლექსს უარაკებ ვერავის,
თუ არ არჩანდას, მალვითა -
არჩანდაი გაუხარდების,
თავისის ბაობაბითა.

:)