Wednesday, July 23, 2008



აჰა, დიდლაშარო


ცაცხვები ჰყვავიან გაგიჟებით,
გზები წაღებული არაგვითა,
წყალდაწყალ ფეხშიშველი მოვუყვები,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს...
ვეკრძალვი ლანდებს დიდ ხევისბერთა,
შეძრული მათი ხმის გაგონებით,
მოვყვები ხატისმთის ციცაბოს და
მომაქვს საწირავად ქვაბროლები...
ავალ და საჯარეს დაგიჩოქებ,
ლექსს გარდა სხვაც ბევრი ვალი მადევს,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს,
თუ მიცნობ და მადლს თუ დამიმატებ...
უღრუბლოა შენი საბრძანისი,
დიდ მთათაც ნისლები გადიყარეს,
შენს ლაშქარს კაიყმა შემოვმატე,
აჰა, დიდლაშარო, ჩაიბარე!..

Thursday, July 17, 2008


მთის მიხაკები

შარახევა

შარახევზე
შარახევზე იმისთანა წნორებია
და არაგვი ისეთ ტალღებს მოაგორებს,
მთის მიხაკებს ფიანდაზად გამიშლი და
სადედოფლო სასახლეებს მომაგონებს...
უფრო ზემოთ მთებია და ნისლებია,
სიტყვებიც რომ აღარ ვიცით საკადრისი,
ტკივილები სიზმრებივით მიქრებიან,
ჩემი ცრემლიც ალალ მისი...
ცის კიდურზე ჟღალი ძერა დარონინებს,
დილასისხამ ჩვენს საძებრად აფრენილი,
თეთრახევას ბროლ-ჩანჩქერში მატოპინებ
ოცნებებით ახდენილით...
მერამდენედ გადაიფენ ხელზე ბადეს,
ოქროცურვილს დაულოცავ დალის დალალს,
ღმერთო, კიდევ ბევრჯერ უნდა გამიხარდე-
ფშავში მოსულ ფშავლის ქალას...
შარახევზე იმისთანა წნორებია
და არაგვიც კლდეებს მოჰყეფს, როგორც წინათ,
ოცნებისთვის ფრთები დამიტოლებია-
იმედებიც პაწაწინა...




Tuesday, July 8, 2008

სათიბის თაიგული










თიბვისაა
მოფარდაგდნენ საქუხიგორს,
ჭყანტები და კენკეშები,
გავველურდი და სათიბის
გვირილებში შევერევი.
ვეფერები ხელისგულით
მჟაველას და ფაფანაგას,
ხიფხოლა და უკადრისა
გამიხდია ამხანაგად...
ქვემოთ ხევში ფუტკრებსა და
პეპლებს გააქვთ რია-რია
უკვე აღარც ადრეა და
ჯერ არც ისე გვიანია...
თიბვისაა, ზუსტად დროა
ამოუყვე ჭიჩოს ბილიკს,
შენ ნამხრეულს ვიპოვნი და
იქ დაგხვდები ხვალვე დილით...

Monday, July 7, 2008

ვარდკაჭაჭები-თვალები
სულნისლიანო წაწალო

შემომაფეთე უღრუბლო
ვარდკაჭაჭები-თვალები,
გუშინ-გუშინწინ უმზეო
ავდრიან დღეზე მწყრალები...
ამდენხან ნასათუთევი,
გამიმზეურე ფიქრები,
მახარე ლიწკრო-მათურით
ცისარტყელები მზისმხლები...
ჩავუყვეთ მათურხევასკე
(შორს ჩვენგან მაცილ-ართვალო).
გულბეჩავ ფშავლის ქალაის
სულნისლიანო წაწალო...

Thursday, July 3, 2008

კენკეშავ ნაზოვარზედა

კენკეშავ ნაზოვარზედა,
ლამაზად ყელმოღერილო,
დეკათ რად დაიმტერებიხარ,
ჩემ მკვლელად ამოჩენილო?!
მიშტერებულნი ნისლებსა,
ჩემ ფშავლის ქალად ვიცანი,
ავაჰმე, როგორ მიყვარან
დობილნი პირიმზისანი...
-სისხამის ნიავ-წანწალავ,
იმედო ხვალის დარისა,
შენ თავ რო მეცილებიან,
გულზე მეხატონ მა ისან?..

Wednesday, July 2, 2008

სულნისლიანებოოო!

დილა მშვიდობისა, სულნისლიანებოოო!

"ერთ ისეთ დილაც იქნება,
არმურმა დაგვაღვიძოსა..."

***
შაშვი დადუმდა, არაგვი გაირინდა,
მზემდე ცაბაურთა ჰყუდავ ჩაღუბლული,
ჯაბანიშვილების კოხტა აივნიდან
ციდა ფშავლის ქალა გალობს – მთის ბულბული.
ხელს ცამდე იწვდიან მისი გვარ-ჯიშანი,
ამ ცა-მზეს გაუმრავლდი, ბულბულის ცალო,
ჰყუდავ ცაბაურთა ჯავარ-ზავთიანი,
გული ყელში მჩრია, ჩემს სათქმელს გალობს...
ერთპირ გაუხსნია ზეცას ცხრავე კარი,
მთავარანგელოზი გვფარავს და გვწყალობს,
ხევისპირ ფიცრული კოხტა აივნიდან,
ჩემი ფშავლის ქალა გალობს...

***
ასე მგონია, შენს ლამაზ თვალებს
ნათელ სულსა და ფიქრს ვეფერები,
მე და ოცნებებს, არაგვით მთვრალებს
თავს გვაწონებენ ულეწელები...
ასე მგონია, ფშავის ნისლები,
ჩემთვის საკაბეს ქსოვენ მარმაშის
და გვირილები რძისფერ-ცისფერი,
მეხატებიან მკერდზე კასკასით...
კლდეებს, სათიბებს და ფშავის არაგვს,
შენ აკლიხარ და მეტი არცავინ,
გაღრუბლებული შენი ლექს-ქალა
ავტირდები და ლექსად დაგაწვიმ...

ვლიან ნისლები...

იალნოზეო ივრისწყლისები,
ნაფაქიზევი მარმაშისები,
ფერად-ფერადი სადაფისები,
ჟამიჟამ წვიმა-ავდარისები,
შენზე ოცნების დასაწყისები,
სუყველა შენი საკადრისები,
საარაგვოსკე ვლიან ნისლები...

სანათა

ფშავლის ქალებში სანათა
ანთია ასკილივითა,
ნაზია მთებზე ნისლებად
გაკრული მანდილივითა...
სოფლის ქალ-რძალში ამაყად
მიმოდის ქურციკივითა,
წრფელია - ფშანზე ჩამოსულ
ხარჯიხვთა წყურვილივითა,
ძნელია - დილაბნელაზე
არაგვის დუმილივითა,
მწველია - ფშაველ წაწალთა
მოუკლავ სურვილივითა...
მწარეა, როგორც ტკივილი
ცხრა ტყვიით დაჭრილივითა,
ცხარეა - მონადირეთა
ასახდენ ქადილივითა,
მიმოდის გზაწვრილაებზე
სიზმარ-ცხად-აჩრდილივითა...
საარაგვოზე სანათა
ანთია ასკილივითა...