Friday, December 5, 2008

ფითრი
უფლის ჩიტებს ნისკარტით რომ გადავქონდი,
ხიდან ხეზე ციდა, მარგალიტისდარი,
თვალღიას და ფიქრღიას და ცასამომმზირს
ჩაგებუდე, ჩაგემუდმე, ჩაგეკარი...

თოვს თუ, ჰქრის თუ, ტყეებს თოშავს დეკემბერი,
თუ ივლისის ცეცხლი ტუსავს შორიახლო,
უნატიფეს სამკაულად აკინძული
შენს მკლავებში ნებიერად ვკოპწიაობ...

უფლის ჩიტი თავს დაგვფრენს და საღმრთოს გალობს,
დაგვიბედეს-სულით მკვებო, ხორცით მზიდო;
ვფითრდები და ვხვივი: ვყვავი-ვმსხმოიარობ,
შენით ვცოცხლობ,
შენს ბრგე ტანზე ვპარაზიტობ!

Monday, September 1, 2008

ცაბაურთა
ჩემი ფშავლის ქალა გალობს
შაშვი დადუმდა, არაგვი გაირინდა,
მზემდე ცაბაურთა ჰყუდავ ჩაღრუბლული,
ჯაბანიშვილების კოხტა აივნიდან
ციდა ფშავლის ქალა გალობს – მთის ბულბული.
ხელს ცამდე იწვდიან მისი გვარ-ჯიშანი,
ამ ცა-მზეს გაუმრავლდი, ბულბულის ცალო,
ჰყუდავ ცაბაურთა ჯავარ-ზავთიანი,
გული ყელში მჩრია, ჩემს სათქმელს გალობს...
ერთპირ გაუხსნია ზეცას ცხრავე კარი,
მთავარანგელოზი გვფარავს და გვწყალობს,
ხევისპირ ფიცრული კოხტა აივნიდან,
ჩემი ფშავლის ქალა გალობს...

Wednesday, July 23, 2008



აჰა, დიდლაშარო


ცაცხვები ჰყვავიან გაგიჟებით,
გზები წაღებული არაგვითა,
წყალდაწყალ ფეხშიშველი მოვუყვები,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს...
ვეკრძალვი ლანდებს დიდ ხევისბერთა,
შეძრული მათი ხმის გაგონებით,
მოვყვები ხატისმთის ციცაბოს და
მომაქვს საწირავად ქვაბროლები...
ავალ და საჯარეს დაგიჩოქებ,
ლექსს გარდა სხვაც ბევრი ვალი მადევს,
ცოდვაა ახლა ვთქვა - არამიშავს,
თუ მიცნობ და მადლს თუ დამიმატებ...
უღრუბლოა შენი საბრძანისი,
დიდ მთათაც ნისლები გადიყარეს,
შენს ლაშქარს კაიყმა შემოვმატე,
აჰა, დიდლაშარო, ჩაიბარე!..

Thursday, July 17, 2008


მთის მიხაკები

შარახევა

შარახევზე
შარახევზე იმისთანა წნორებია
და არაგვი ისეთ ტალღებს მოაგორებს,
მთის მიხაკებს ფიანდაზად გამიშლი და
სადედოფლო სასახლეებს მომაგონებს...
უფრო ზემოთ მთებია და ნისლებია,
სიტყვებიც რომ აღარ ვიცით საკადრისი,
ტკივილები სიზმრებივით მიქრებიან,
ჩემი ცრემლიც ალალ მისი...
ცის კიდურზე ჟღალი ძერა დარონინებს,
დილასისხამ ჩვენს საძებრად აფრენილი,
თეთრახევას ბროლ-ჩანჩქერში მატოპინებ
ოცნებებით ახდენილით...
მერამდენედ გადაიფენ ხელზე ბადეს,
ოქროცურვილს დაულოცავ დალის დალალს,
ღმერთო, კიდევ ბევრჯერ უნდა გამიხარდე-
ფშავში მოსულ ფშავლის ქალას...
შარახევზე იმისთანა წნორებია
და არაგვიც კლდეებს მოჰყეფს, როგორც წინათ,
ოცნებისთვის ფრთები დამიტოლებია-
იმედებიც პაწაწინა...




Tuesday, July 8, 2008

სათიბის თაიგული










თიბვისაა
მოფარდაგდნენ საქუხიგორს,
ჭყანტები და კენკეშები,
გავველურდი და სათიბის
გვირილებში შევერევი.
ვეფერები ხელისგულით
მჟაველას და ფაფანაგას,
ხიფხოლა და უკადრისა
გამიხდია ამხანაგად...
ქვემოთ ხევში ფუტკრებსა და
პეპლებს გააქვთ რია-რია
უკვე აღარც ადრეა და
ჯერ არც ისე გვიანია...
თიბვისაა, ზუსტად დროა
ამოუყვე ჭიჩოს ბილიკს,
შენ ნამხრეულს ვიპოვნი და
იქ დაგხვდები ხვალვე დილით...

Monday, July 7, 2008

ვარდკაჭაჭები-თვალები