მთის მიხაკები
შარახევა

შარახევზე
შარახევზე იმისთანა წნორებია
შარახევზე იმისთანა წნორებია
და არაგვი ისეთ ტალღებს მოაგორებს,
მთის მიხაკებს ფიანდაზად გამიშლი და
სადედოფლო სასახლეებს მომაგონებს...
უფრო ზემოთ მთებია და ნისლებია,
სიტყვებიც რომ აღარ ვიცით საკადრისი,
ტკივილები სიზმრებივით მიქრებიან,
ჩემი ცრემლიც ალალ მისი...
ცის კიდურზე ჟღალი ძერა დარონინებს,
დილასისხამ ჩვენს საძებრად აფრენილი,
თეთრახევას ბროლ-ჩანჩქერში მატოპინებ
ოცნებებით ახდენილით...
მერამდენედ გადაიფენ ხელზე ბადეს,
ოქროცურვილს დაულოცავ დალის დალალს,
ღმერთო, კიდევ ბევრჯერ უნდა გამიხარდე-
ფშავში მოსულ ფშავლის ქალას...
შარახევზე იმისთანა წნორებია
და არაგვიც კლდეებს მოჰყეფს, როგორც წინათ,
ოცნებისთვის ფრთები დამიტოლებია-
იმედებიც პაწაწინა...
1 comment:
ეს არის პავლიკოზე დაწერილი - მე რო ბადით სათევზაოდ მიმიშვებ, კბილებს გავაყოლებ ხოლმე ბადესა და პავლიკო - არა, იმან კარგად იცისა! და მერე კალმახის ჩაქაფული იცის - ვაი, ვაი, ვაიიიიი! ის რო არ გამასინჯოთ, პავლიკოს დავ, სანათავ, ჩავალ არაგვშია და აღარ კი ამოვალ და სუ იქ ვიქნები, სანამ პავლიკო არ მამიტანსა იმ ქერქში გახვეულ კალმახის ჩაქაფულსა თავისი არყითა...
ჰო, ეგრე ვიზამ! :)
Post a Comment